X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - მხოლოდ წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათასზე მეტი ადამიანის წყლით მომარაგება გაუმჯობესდა

17 დეკემბერი 2020

წელს 205 მლნ ლარის ღირებულების წყალმომარაგებისა და წყალარინების 28 პროექტი განხორციელდა, 24-საათიანი გამართული წყალმომარაგებით პირველად სარგებლობენ ქუთაისის, ზუგდიდისა და ჭიათურის მცხოვრებლები, ჯამში, მოეწყო 614 კმ სიგრძის ქსელები და აშენდა 13 რეზერვუარი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„დასრულდა წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის სრული ან ნაწილობრივი-რეაბილიტაციის შემდეგი პროექტები: დაბა აგარაში, ადიგენში, აბასთუმანსა და ლაითურში, ლანჩხუთში, ანასეულში, მარნეულში, ახალსოფელში, ნორიოში, მარტყოფში, ძველ ანაგაში, მაღლაკსა და არაზინდოში. წყალარინების გამწმენდი ნაგებობები აშენდა წყალტუბოში, თელავსა და ზუგდიდში. წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათასზე მეტი ადამიანის წყლით მომარაგება გაუმჯობესდა. წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პროექტების დასრულებას ვგეგმავთ 2021 წელს ოზურგეთში, ტყიბულში, თელავში, საგარეჯოში, ვალეში, ჯვარში, ბახვი-ვაკიჯვარში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე მომავალ წელს დასრულდება გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა და განახლდება წყალარინების ქსელები ზუგდიდში, ფოთში, მარნეულში, ბოლნისსა და გარდაბანში. ამ ეტაპზე მიმდინარობს და 2021-ში დასრულდება შიდა ქართლსა და იმერეთში, გამყოფი ხაზისპირა სოფლებში, პროექტები, რის შედეგადაც 26 სოფლის 20 ათასამდე მოსახლე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.   

მან ასევე ისაუბრა ტურისტულ დასახლებებში წელს  დაწყებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების მნიშვნელოვანი პროექტები დაიწყო ბაკურიანში, გუდაურში, აბასთუმანში, წყალტუბოსა და ბახმაროში. ამასთან, ბაკურიანსა და გუდაურში გაძლიერდა და განახლდა წყალმომარაგების სიტემები, გუდაურში კი დასრულდა ხელოვნური გათოვლიანების ტბის მოწყობა და წყლით შევსება. 

მაია ცქიტიშვილის თქმით, 2021 წელს დამატებით დაიწყება წყალმომარაგება/წყალარინების პროექტები, უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები წყალმომარაგების, წყალანირებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის პროექტებზე, რაც გაუმჯობესებულ საყოფაცხოვრებო პირობებს ნიშნავს შემდეგ დასახლებებში: თელავი, ხაშური, სამტრედია, ვანი, ბაღდათი, სტეფანწმინდა, კუმისი, დაბა მანგლისი, მანავი, მატანი, ანაგა, ბოდბისხევი, ხიბულა, ტბისი, ასურეთი, კასპი, ქარელი, ორნაბუჯი, ბულაჩაური, ზესტაფონი, წეროვანი, პატარძეული, თეთრიწყარო, ბაკურციხე, დედოფლიწყარო და სენაკი.